1. რა არის საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი (GRDF) და რა საქმიანობას ეწევა იგი?
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი (GRDF) არის $30 მილიონიანი სარისკო კაპიტალის მქონე საინვესტიციო ფონდი, რომელიც დააბანდებს გრძელვადიან ინვესტიციებს ძირითადად თბილისის გარეთ მოქმედ, სწრაფად მზარდ მცირე და საშუალო საწარმოებში.
2009 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდმა განახორციელა 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება ათ ქართულ კომპანიაში. GRDF-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ GRDF-ის საინვესტიციო პორტფოლიოს გვერდს.
2. როგორ განსაზღვრავს ფონდი მცირე და საშუალო საწარმოებს?
მცირე და საშუალო საწარმო არის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებული კერძო სამართლის სუბიექტი (სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება), რომელშიც დასაქმებულია არაუმეტეს 250 ადამიანისა და რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება $5.5 მილიონს.
3. რას ნიშნავს "სარისკო კაპიტალის ინვესტიცია"?
სარისკო კაპიტალი არის დაფინანსების ისეთი ფორმა, რომელიც დღემდე პრაქტიკულად არ არსებობდა საქართველოში და განსაკუთრებულად მიმზიდველია ამჟამად მცირე, მაგრამ გაფართოების პირას მყოფი ბიზნესებისათვის.
სარისკო კაპიტალის ინვესტირების ფუნდამენტალური მახასიათებელია რისკისა და სარგებელის განაწილება ფონდსა და ინვესტიციის მიმღებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო მაღალი რისკის გაწევისა და საწარმოს პარტნიორად გახდომის სანაცვლოდ GRDF–ი მონაწილეობას მიიღებს ინვესტიციის მიმღების მოგების განაწილებაშიც. ხშირად სარისკო კაპიტალის ინვესტიცია გულისხმობს პრივილეგირებული და ჩვეულებრივი აქციების შეძენას, თუმცა იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს სესხის ინსტრუმენტებს თანამონაწილეობის მახასიათებლებით. ასეთ სესხს შეიძლება ჰქონდეს კომერციულ ბანკებთან შედარებით უფრო დაბალი გირაოს მოთხოვნილება ან/და უფრო გრძელი დაფარვის ვადა, გადახდები კი მიბმული იყოს დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობასთან. ამგვარი სესხის დაფარვის ინდივიდუალური გრაფიკი მიღწეული იქნება სესხისა და კაპიტალში ინვესტირების კომბინირებით, ზრდადი საპროცენტო განაკვეთებით ან/და ე.წ. როიალტით (შემოსავლისა ან მოგების პროცენტთან მიბმული გადახდები). რადგან ფონდის წარმატება მეტწილად დამოკიდებულია ინვესტიციის მიმღების წარმატებაზე. ნებისმიერი საინვესტიცო პროექტის განხორციელების წინაპირობაა ამბიციური, კვალიფიციური და მჭიდრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული მენეჯმენტის მოძიება.
4. რა იგულისხმება "პარტნიორობაში"?
სარისკო კაპიტალის ინვესტიციის მეშვეობით GRDF–ი პარტნიორის სახით მონაწილეობს ინვესტიციის/კომპანიის რისკისა და სარგებელის განაწილებაში. ეს შეიძლება განხორციელდეს ან კომპანიაში წილის შეძენით ან მონაწილეობრივი სესხის გაცემით. ასეთ სესხს შეიძლება ჰქონდეს კომერციულ ბანკებთან შედარებით უფრო დაბალი გირაოს მოთხოვნილება ან/და უფრო გრძელი დაფარვის ვადა, გადახდები კი მიბმული იყოს დაგეგმილ ფულად სახსრების მოძრაობასთან. ასეთი სესხის დაფარვის ინდივიდუალური გრაფიკი შეიძლება მიღწეული იქნას, მაგალითად, როიალტით (შემოსავლისა ან მოგების პროცენტთან მიბმული გადახდები). ვინაიდან GRDF–ი ინაწილებს რისკებსა და სარგებელს, ფონდი აქტიურად მუშაობს კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომპანიის საერთო მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად და შემოსავლების გასაზრდელად. ეს თანამშრომლობა მოიცავს დახმარებას სტრატეგიულ დაგეგმვაში, ფინანსურ კონტროლში, მარკეტინგის საკითხებში, წარმოების სტანდარტებში, გაყიდვებში, მომგებიანობაში და ა.შ. მაშასადამე, როგორც GRDF–ი ასევე კომპანიის ხელმძღვანელობა იმუშავებენ კომპანიის შემოსავლებისა და მომგებიანობის გასაზრდელად. რადგან ფონდის წარმატება მეტწილად დამოკიდებულია ინვესტიციის მიმღების წარმატებაზე, ნებისმიერი საინვესტიცო პროექტის განხორციელების წინაპირობაა ამბიციური, კვალიფიციური და მჭიდრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული მენეჯმენტის მოძიება.
5. არის თუ არა ეს ეკონომიკური დახმარების ან საგრანტო პროგრამა?
არა. GRDF–ი არის კომერციული საინვესტიციო ფონდი, რომელიც ცდილობს დააბანდოს მომგებიანი ინვესტიციები პერსპექტიულ და ძლიერი მენეჯმენტის მქონე მცირე და საშუალო საწარმოებში, რომლებიც მოქმედებენ მზარდ ბაზრებზე.
SEAF–ის გამოცდილება რაც გამოიხატება 20 მსგავსი საინვესტიციო ფონდის მართვაში განვითარებადი ეკონომიკის მქონე 30-ზე მეტ ქვეყანაში როგორიცაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ლათინური ამერიკა და აზია, გვიჩვენა რომ სარისკო კაპიტალის ინვესტირება მცირე და საშუალო საწარმოებში წარმოადგენს მომგებიან და კომერციულ საბაზრო მექანიზმს. გარდა ამისა, ინვესტიციების წარმატებისა და ამ კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის გამო სარისკო კაპიტალის ინვესტირებას მცირე და საშუალო საწარმოებში ასევე თანსდევს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა განვითარებაზე.
6. გასცემს თუ არა GRDF–ი შეღავათიან სესხებს?
არა. GRDF–ი ახორციელებს სარისკო კაპიტალის ინვესტირებას. GRDF–ი არის კომერციული საინვესტიციო ფონდი, რომელიც ცდილობს დააბანდოს მომგებიანი ინვესტიციები ძლიერი ხელმძღვანელობის მქონე პერსპექტიულ მცირე და საშუალო საწარმოებში, რომლებიც მოქმედებენ მზარდ ბაზრებზე. GRDF–ი, როგორც კერძო ინვესტორი არ გასცემს სესხებს უფრო დაბალი განაკვეთებით, ვიდრე ბანკები. GRDF–ის მიზანია მიიღოს ისეთი უკუგება, რომელიც შეესაბამება თითოეულ ინვესტიციასთან დაკავშირებულ რისკს.
7. შეიძლება თუ არა ფონდი განხილულ იქნას როგორც ერთ-ერთი კონკურენტი ადგილობრივ ფინანსურ ბაზარზე? თუ კი, ვისი კონკურენტია იგი?
არა. GRDF–ი ახორციელებს სარისკო კაპიტალის ინვესტიციებს. სარისკო კაპიტალი არის დაფინანსების ისეთი ფორმა, რომელიც დღემდე არ იყო შეთავაზებული საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებულად გამოსადეგი და მიმზიდველია ამჟამად მცირე, მაგრამ გაფართოვების პირას მყოფი ბიზნესებისათვის.
სარისკო კაპიტალის ინვესტირების ძირითადი მახასიათებელია რისკისა და სარგებელის განაწილება ფონდსა და ინვესტიციის მიმღებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაღალი რისკის გაწევისა და საწარმოს პარტნიორად გახდომის სანაცვლოდ, GRDF–ი მონაწილეობას მიიღებს ინვესტიციის მიმღების მოგების განაწილებაშიც. ხშირად სარისკო კაპიტალის ინვესტიცია გულისხმობს პრივილეგირებული და ჩვეულებრივი აქციების შეძენას, თუმცა იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს სესხის ინსტრუმენტებს თანამონაწილეობის მახასიათებლებით. ასეთ სესხს შეიძლება ჰქონდეს კომერციულ ბანკებთან შედარებით უფრო დაბალი გირაოს მოთხოვნილება ან/და უფრო გრძელი დაფარვის ვადა, გადახდები კი მიბმული იყოს დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობასთან. ასეთი სესხის დაფარვის ინდივიდუალური გრაფიკი მიღწეული იქნება სესხისა და კაპიტალში ინვესტირების კომბინირებით, ზრდადი საპროცენტო განაკვეთებით ან/და ე.წ. როიალტით (შემოსავლისა ან მოგების პროცენტთან მიბმული გადახდები).
ნებისმიერი ინვესტიციის წარმატების საწინდარს წარმოადგენს ისეთი ამბიციური და კვალიფიციური ხელმძღვანელობის მოძიება, რომელსაც ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გააჩნია. ასეთი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტი მდგომარეობს საოპერაციო და სტრატეგიულ მხარდაჭერაში ფონდის მხრიდან, რაც არაა ტიპიური ტრადიციული კომერციული სესხის გამცემი ორგანიზაციებისათვის.
8. აგრძელებს თუ არა ფონდი ბიზნეს-გეგმებისა და საინვესტიციო წინადადებების მიღებას და ინვესტირებას მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში?
დიახ, ფონდი აგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას, და გააგრძელებს 2011 წლის 11 ოქტომბრამდე ან ვიდრე ფონდი მთლიანად არ აითვისებს საინვესტიციო კაპიტალს. ფონდის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად ინფორმაციისთვის იხილეთ კითხვა №9.
9. ვის და სად უნდა წარედგინოს საინვესტიციო წინადადება?
ინვესტიციების მაძიებლებს შეუძლიათ გადმოტვირთონ კითხვარი მარცხნივ განთავსებული ბმულიდან ”როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება”. შევსებული კითხვარი ან უკვე არსებული ბიზნეს-გეგმა/წინადადება უნდა გაიგზავნოს მისამართზე grdf@seaf.ge. კითხვარი ან ბიზნეს-გეგმა/წინადადება წარმოადგენს წინადადების განხილვის პირველ ნაბიჯს და GRDF–ს აძლევს საშუალებას შეაფასოს, თუ რამდენად ექვემდებარება კონკრეტული საინვესტიციო წინადადება შემდგომ განხილვას. თუ დადგინდა, რომ საჭიროა შემდგომში განხილვა, GRDF–ი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას, რომელიც მოიცავს დეტალურ ბიზნეს-გეგმასაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის ინვესტიციის მაძიებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ”SEAF–საქართველო”-ს ოფისს კითხვარის და/ან ბიზნეს-წინადადების გამოგზავნამდე და/ან წარდგენის შემდეგ.
10. რა კრიტერიუმებით ხდება კომპანიების შერჩევა?
კომპანია უნდა იყოს საქართველოში მოქმედი მცირე ან საშუალო საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია როგორც კერძო სამართლის სუბიექტი (სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). შერჩეულ კანდიდატებს უნდა ჰყავდეთ ძლიერი ხელმძღვანელობა და ზრდის პოტენციალი. ამას გარდა, ფონდი ითანამშრომლებს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის პრინციპის შესაბამისად და აქვთ სურვილი გამოიყენონ თავისი კონკურენტული უპირატესობა ადგილობივ ან/და საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი ზრდისათვის.
საბოლოო ჯამში წარმატებულ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ შემდეგი თვისებები:
1) ძლიერი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული ხელმძღვანელობა
2) წარმატებული წარსული
3) მყარი პოზიცია მზარდ ან/და განვითარებად ბაზარზე
4) ბიზნესის ზრდის შემუშავებული სტრატეგია
5) მასშტაბის ეკონომიის განვითარების პოტენციალი
6) ფულადი ნაკადის გენერირების მაღალი პოტენციალი
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ GRDF–ი მკაცრად მიჰყვება MCC/MCG-ს გარემოს დაცვის მოთხოვნებს და შესაბამისად იზრუნებს იმაზე, რომ ინვესტიციის მიმღებთა მიერ ოპერაციების წარმართვისას გათვალისწინებული იქნას გარემოს დაცვითი და სოციალური რისკები. ეს GRDF–ს თავიდან ააცილებს ინვესტირებას, რომელსაც აქვს პოტენციურად უარყოფითი გავლენა გარემოს დაცვასა და სოციალურ სფეროზე.
11. როგორია შერჩევის პროცესი და მისი დროში განხორციელება ეტაპების მიხედვით?
საინვესტიციო წინადადების შერჩევის პროცესის პირველ ეტაპს წარმოადგენს GRDF–ის კითხვარის შევსება. ეს კითხვარი მისცემს ფონდს საშუალებას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენად არის წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადება შესაძლო ინვესტირების კანდიდატი. შევსებული კითხვარის ჩაბარებიდან 2-3 კვირის განმავლობაში მოხდება წინადადების საწყისი განხილვა.
იმ შემთხვევაში, თუ წინადადება ზოგადად პასუხობს ფონდის შერჩევის კრიტერიუმებს, საჭირო იქნება დეტალური ბიზნეს-გეგმის წარმოდგენა. წინადადება გადავა განხილვის შემდგომ ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დეტალიზაციისა და ანალიზის უფრო მაღალ დონეს. GRDF–ის თანამშრომლები სრულყოფილად შეისწავლიან კანდიდატი კომპანიის ფინანსებს, მართვას, ოპერაციებსა და ბაზარს. ამ შესწავლის მიზანია დამატებით დაზუსტდეს, თუ რამდენად მისაღები და მიმზიდველია კონკრეტული კომპანია ინვესტირების განსახორციელებლად. ამ პროცესის ხანგძლივობა მთლიანად არის დამოკიდებული კომპანიის მხრიდან თანამშრომლობასა და მოწოდებული ინფორმაციის ხარისხზე. როგორც წესი, ამ პროცესს სჭირდება არაუმეტეს 2-3 თვისა.
ბიზნესის დეტალური შესწავლის შემდეგ GRDF–ი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშავებს აგრესიული ზრდისა და მომგებიანობის სტრატეგიას. დამატებით, მას შემდეგ რაც გაანალიზდება ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა რისკი მათი შემცირების ხერხებთან ერთად, ფონდსა და ინვესტიციის პოტენციურ მიმღებს შორის შეთანხმებული იქნება ინვესტიციის სწორი სტრუქტურა. ამ მოლაპარაკებების ხანგრძლივობა მთლიანად დამოკიდებულია პარტნორთა შესაძლებლობაზე მიაღწიონ შეთანხმებას და როგორც წესი არ გასტანს 1 თვეზე მეტს.
შეთანხმების მიღწევის შემდეგ GRDF–ის თანამშრომლები მოამზადებენ და შეასრულებენ ინვესტიციის განსახორციელებლად ყველა საჭირო იურიდიულ ქმედებებს. ეს მოიცავს აგრეთვე ფონდის დირექტორთა საბჭოს ფორმალურ თანხმობას ინვესტიციის განხორციელებაზე.
საკითხის ფინანსური მხარის მოგვარების შემდეგ ფონდი ითანამშრომლებს კომპანიასთან, რათა დაეხმაროს მას სწრაფ განვითარებასა და მომგებიანობის გაზრდაში. ამ პროცესის უფრო დეტალური აღწერისთვის გთხოვთ ეწვიოთ SEAF–ის ვებგვერდს (http://www.seaf.com/policies.htm).
12. განახორციელებს თუ არა GRDF–ი ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში?
დიახ. უნდა აღინიშნოს, რომ GRDF–ი მკაცრად მიჰყვება MCC/MCG-ს გარემოს დაცვის მოთხოვნილებებს და შესაბამისად იზრუნებს იმაზე, რომ ინვესტიციის მიმღებთა მიერ ოპერაციების წარმართვისას გათვალისწინებული იქნას გარემოს დაცვითი და სოციალური რისკები. ეს GRDF–ს თავიდან ააცილებს ინვესტირებას, რომელსაც აქვს პოტენციურად უარყოფითი გავლენა გარემოს დაცვისა და სოციალურ სფეროებზე.
დამატებით უნდა ითქვას, რომ GRDF-ი განსაკუთრებულ უპირატესობას მიანიჭებს იმ ბიზნეს-შემოთავაზებებს, რომელთაც აქვთ დინამიური ზრდის მაღალი პოტენციალი. ამ მიზეზთა გამო იგი განსაკუთრებით დაინტერესებულია აგრობიზნესისა და ტურიზმის სექტორებით.
13. განახორციელებს თუ არა GRDF–ი ინვესტირებას მხოლოდ რეგიონებში?
არა. მიუხედევად იმისა, რომ GRDF–ის ძირითადი ფოკუსი იქნება თბილისის ფარგლებს გარეთ მოქმედი ბიზნესები, ფონდი არ არის შეზღუდული თბილისში მოქვედ კომპანიებში ინვესტირების განხორციელებაში.
14. განახორციელებს თუ არა GRDF–ი ინვესტირებას დაწყებით სტადიაზე მყოფ კომპანიებში (სტარტაპი)?
დიახ. თუმცა GRDF–ი ასეთ შემოთავაზებებს განიხილავს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში. ინვესტიციების უმრავლესობა განხორციელდება უკვე არსებულ მცირე და საშუალო კომპანიებში, რომელთაც ჰყავთ ძლიერი მენეჯმენტი და აქვთ წარმატებული მუშაობის გრძელვადიანი გამოცდილება.
15. როგორია თითო პროექტისთვის გნსაზღვრული ინვესტიციის ოდენობა?
GRDF–ი თითოეული ინვესტიციის ოდენობა განსაზღვრულია $500 ათასიდან $3 მილიონამდე, თუმცა უნდა ითქვას, რომ თითო კომპანიაზე გაცემული საწყისი ინვესტიცია ძირითადად არ აღემატება $2 მილიონს. საბოლოო გადაწყვეტილება საინვესტიციო პაკეტის სიდიდეზა ემყარება კომპანიის ფინანსურ მოთხოვნებს. მხედველობაში მიიღება ინვესტირების შედეგად მიღებული ზრდისა და ღირებულების შექმნის პერსპექტივა. გადაწჱვეტილება მიიღება მხარეებს შორის შემდგომი შეთანხმების საფუძველზე.
16. როგორია ინვესტირების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა?
საბოლოო გადაწყვეტილება საინვესტიციო პაკეტის სიდიდის შესახებ ემყარება კომპანიის ფინანსურ მოთხოვნებს, ასევე დადგინდება ინვესტირების შედეგად მიღებული ზრდისა და ღირებულებების გათვალისწინებით და მიიღება მხარეებს შორის შეთანხმებით. ზოგადად, GRDF–ი აბანდებს $500 ათასიდან $3 მილიონამდე ოდენობის ინვესტიციებს, რაც მოიცავს შემდგომ ინვესტირებასაც.
17. განახორციელებს თუ არა ფონდი ინვესტირებას განრიგის ან ინდივიდუალური გეგმის მიხედვით?
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფონდი განახორციელებს ინვესტირებას ინდივიდუალური გეგმის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციების გაცემის პერიოდში GRDF–ი მოახდენს ფონდის კაპიტალის ინვესტირებას მხოლოდ წარმატების პოტენციალის მქონე საინვესტიციო პროექტებში, რადგან ფონდი თავად ახდენს მათ გამოვლენას და იდენტიფიცირებას.
18. როგორი იქნება ინვესტიციების საშუალო წლიური რაოდენობა (რიცხობრივად ან რაოდენობრივად)? რამდენი ინვესტიცია განხორციელდება სულ?
ამ ეტაპზე შეუძლებელია განისაზღვროს, თუ რამდენი გადაწყვეტილება ინვესტირების შესახებ გამომდინარე კონკრეტული შემთხვევებიდან საშუალოდ იქნება მიღებული წლის განმავლობაში. GRDF–ი მოახდენს ფონდის კაპიტალის ინვესტირებას მხოლოდ დინამიურ და წარმატების პოტენციალის მქონე საინვესტიციო პროექტებში როგორც კი ასეთი საშუალება მიეცემა, ვინაიდან ფონდი თავად ახდენს მათ გამოვლენას და იდენტიფიცირებას. ბაზრის მოთხოვნებიდან და ბაზარზე შესაძლებლობების არსებობიდან გამომდინარე, ფონდმა შესაძლოა რიგ წლებში სხვა წლებთან შედარებით გაზარდოს ინვესტირება.
ასევე შეუძლებელია განისაზღვროს ინვესტირების ზუსტი რიცხვი, ვინაიდან ინვესტიციების ზომა იცვლება კომპანიების მიხედვით. საშუალოდ, SEAF–ს დაგეგმილი აქვს დაახლოებით 15-20 ბიზნეს ინვესტიციის განხორციელება.
19. როგორია სესხის დაფარვის მინიმალური და მაქსიმალური ვადა?
სესხის დაბრუნების ფორმა და სრუქტურა მეტწილად მორგებული იქნება კონკრეტული ბიზნესის ოპერაციებზე. შესაბამისად, სესხის დაბრუნების ვადა შესაძლოა იცვლებოდეს კომპანიების მიხედვით. ზოგადად, GRDF–ი გასცემს სესხებს 2-დან 5 წლამდე დაფარვის ვადით.
20. საინვესტიციო პერიოდის დასრულებისას, როგორ აპირებს GRDF–ი ინვესტიციის მიმღები კომპანიიდან გამოსვლას?
ინვესტიციის მიმღები კომპანიიდან GRDF–ის გამოსვლის სტრატეგია წინასწარ იქნება შეთანხმებული ინვესტიიცის მიმღებთან და ჩაიდება საინვესტიციო ხელშეკრულებაში. სესხის შემთხვევაში გამოსვლა მოხდება სესხის ვადის შესაბამისად. კაპიტალის ინვესტირების შემთხვევაში განიხილება გამოსვლის სამი შესაძლებლობა:
1. GRDF–ი და კომპანიის სხვა მეპატრონეები შესაძლოა შეთანხმდნენ სრულად ან ნაწილობრივ მიყიდონ კომპანია სხვა გარე ინვესტორს ან აქციები გაიტანონ ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე გასაყიდად.
2. GRDF–მა შესაძლოა მიყიდოს თავისი წილი სხვა ინვესტორს ან გაიტანოს თავისი აქციები ფასიან ქაღალდების ბირჟაზე გასაყიდად.
3.GRDF–მა შეიძლება მიყიდოს თავისი წილი მენეჯმენტს (ე.წ. მენეჯმენტის გამოსყიდვა) ან/და მფლობელებს.
21. ვინ არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ინვესტირების პროცესში?
როგორც ფონდის მმართველი, SEAF–ი პასუხისმგებელია პოტენციური ინვესტიციების იდენტიფიცირებაზე, შერჩევის ჩატარებასა და სტრუქტურის გამართვაზე. ასევე, SEAF–ი წარუდგენს დირექტორთა საბჭოს საინვესტიციო შემოთავაზებებს ფორმალური დამტკიცების მისაღებად.
არც MCC და არც MCG არ ასრულებს აქტიურ როლს ინვესტირების შერჩევასა და დამტკიცების პროცესში.
22. რას წარმოადგენს SEAF–ი?
GRDF–ის მმართაველი გახლავთ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია SEAF–ი (http://www.seaf.com), რომელიც ახორციელებს სარისკო კაპიტალის ინვესტირებასა და ბიზნესებისათვის საოპერაციო ხელშეწყობას განვითარებად ბაზრებზე. SEAF–ის სათაო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში, ხოლო ევროპული ოფისი მოქმედებს ამსტერდამში. SEAF–ის გამოცდილება, რაც გამოიხატება 20 მსგავსი საინვესტიციო ფონდის მართვა 30-ზე მეტ განვითარებად ეკონომიკაში ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში, გვიჩვენებს, რომ სარისკო კაპიტალის ინვესტირება მცირე და საშუალო საწარმოებში წარმოადგენს მომგებიან და კომერციულ საბაზრო მექანიზმს, რომელსაც თანსდევს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა განვითარებაზე. SEAF-ის ინვესტორებს შორის არიან როგორც საჯარო ასევე კერძო ორგანიზაციები, როგორებიც არიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ადგილობრივი საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, ბანკები და კერძო პირები. SEAF–ი არის "ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთვის" (MCG) კონტრაქტორი GRDF–ის სამართავად.
23. როგორია SEAF–ის ანაზღაურების სქემა?
GRDF–ი უხდის ფონდის მმართველს ფიქსირებულ მენეჯმენტის საზღაურს, პრემიას, რომელიც მიბმულია მუშაობის წარმატების მაჩვენებელთან და წინასწარ გათვალისწინებულ სარგებელს ფონდის ამონაგებიდან.
24. როგორია ფონდის კორპორატიული მმართველობის სტრუქტურა?
დამოუკიდებელი დირექტორთა საბჭო არის პასუხიმგებელი ფონდის მუშაობის საერთო ზედამხედველობასა და ფორმალურ დამტკიცებაზე, რაც ასევე მოიცავს ფონდის მენეჯერის ზედამხედველობას.
მიუხედავად იმისა, რომ ფონდი კაპიტალიზირებულია MCC/MCG–ის მიერ, არც MCC/MCG–ი და არც საქართველოს მთავრობა პირდაპირ არ ახორციელებს ზედამხედველობას ფონდსა და ფონდის მენეჯერზე. ეს უფლებამოსილება გადაცემული აქვს დირექტორთა საბჭოს, რათა უზრუნველყოფილი იქნას ფონდის დამოუკიდებლობა და კომერციული ხასიათი. ამისდა მიუხედავად, MCG/MCC–ი განიხილავს ფონდის ოპერაციებსა და მართვას, რათა დარწმუნებული იყოს, რომ ეს უკანასკნელი იცავს ფონდის მართვის დოკუმენტებში განსაზღვრულ პირობებს.
25. როგორია დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა?
GRDF-ის დირექტორთა საბჭოს ჰყავს 5 წევრი (2 ქართველი და 3 უცხოელი), რომლებიც დანიშნულები არიან MCG–ის მიერ MCC–ის თანხმობით და მათი ინტენსიური გამოცდილების გათვალისწინებით ინვესტიციებსა და კერძო სექტორის მენეჯმენტში, ასევე მათი დამსახურებების გათვალისწინებით სამეწარმეო სფეროში.
26. რას ნიშნავს ტექნიკური დახმარება და ვისთვის არის ეს დახმარება განკუთვნილი?
ფონდის სრულყოფისათვის ფონდს ტექნიკური დახმარების კომპონენტი დაემატა MCG–ს მიერ. კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული იქნება ტექნიკური დახმარება ინვესტიციის მიმღები და პოტენციური ინვესტიციის მიმღებისათვის. ამ კომპონენტის მიზანია ინვესტირების შემდეგ GRDF–ის ფარგლებში მომუშავე კომპანიების საქმიანობის გაუმჯობესება, ასევე პერსპექტიული კომპანიების შემზადება ფონდის მხრიდან ინვესტირებისათვის. ტექნიკური დახმარების ფარგლებში შესაძლოა ნაწილობრივ დაიფაროს ინვესტიციის მიმღებთა და პოტენციური ინვესტიციის მიმღებთა მიერ დაქირავებული კონსულტანტების ხარჯები ან სხვა ტექნიკური დახმარების ხარჯები, რაც გაზრდის ფირმის საოპერაციო რესურსებს ან გააფართოებს ბიზნესს, შესაბამისად ხელს შეწყობს ფირმის ღირებულებების ზრდას.
27. რა მოუვა GRDF–ს 10 წლის შემდეგ, როდესაც იგი დაასრულებს თავის მუშაობას?
იმ დროისათვის, როდესაც ფონდი დაასრულებს თავის მუშაობას, MCG–ი ჩამოაყალიბებს სატრასტო ფონდს, რომელიც გადაიბარებს უფლებამოსილებას არსებულ ფონდზე. ფონდისთვის განკუთვნილი ყველა თანხა გადაეცემა ახალ სატრასტო ფონდს. საბოლოოდ სატრასტო ფონდის ფინანსები გამოყენებული იქნება საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაციების სასარგებლოდ.